ვაჟა გაფრინდაშვილი ისევ ტყვეობაშია

უკვე მეცხრე დღეა, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება.

15 ნოემბერს გამართული ე.წ. სასამართლოს მიერ, მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად ხვალ ექიმები „თეთრი ხალათების“ აქციას გამართავენ. ისინი ხუთი წუთის განმავლობაში პროტესტს მდუმარე აქციით გამოხატავენ.

ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, არაერთი განცხადება გავრცელდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან.

აღნიშნული საკითხი განხილვის მნიშვნელოვანი თემა იქნება მომავალ კვირაში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შეხვედრის ფარგლებში.

ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტს ეხმაურება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და იმედს გამოთქვამს, რომ ის უმოკლეს დროში დაუბრუნდება ოჯახს და თავის პროფესიულ საქმიანობას გააგრძელებს.

ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაჟა გაფრიდა შვილს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი სპორტული ტრავმატოლოგიის განვითარებაში და მრავალწლიანი მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს უამრავ მოქალაქეს, მათ შორის, ძალიან ბევრ ფეხბურთელს დახმარებია გამოჯანმრთელებაში და პროფესიული საქმიანობის გაგრძელებაში.