უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენა

თბილისის საავიაციო ქარხნის საქმეზე სამი წლის წინ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება პარლამენტში დღეს რამდენჯერმე ახსენეს. სწორედ ამ საქმის გამო გააკრიტიკეს დეპუტატებმა მოსამართლე ლევან მიქაბერიძე, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია.

მიქაბერიძემ, რომელიც 2016 წელს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო, საკუთარი გადაწყვეტილებით ქონება უკან არ დაუბრუნა „თბილავიამშენის“ ყოფილ 21 მფლობელს, რომლებიც თავს დაზარალებულად აცხადებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ 2010 წელს ქარხნის წილები სახელმწიფოს იძულებით აჩუქეს.

ოპოზიციამ მოსამართლეობის კანდიდატი ხელისუფლების დაკვეთების შესრულებაში დაადანაშაულა და მას კვალიფიკაციაც დაუწუნა.