უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი

ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე დიალოგის ერთ-ერთი მთავარი თემა მართლმსაჯულების რეფორმა, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევაა, რაზეც დღეს ხელისუფლებამ ბრიუსელიდან ახალი გზავნილი მიიღო.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ნაჩქარევად მიიჩნევს ცვლილებებს, რომლებიც მმართველმა პარტიამ პოლიტიკური კრიზისის ფონზე სასამართლოების შესახებ კანონში შეიტანა. საუბარია უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ შერჩევის პროცედურის ცვლილებაზე, რომელიც პარლამენტმა წინა კვირას დაჩქარებული წესით მიიღო. პროექტის ავტორების აზრით, ცვლილებები მოსამართლეების შერჩევის პროცესს უფრო გამჭვირვალეს გახდის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კი ვალდებულებებს გაუზრდის. ევროკავშირის დღევანდელი განცხადებიდან რამდენიმე საათში მმართველმა გუნდმა საბოლოო რევიზიისთვის ახლად დამტკიცებული კანონი ვენეციის კომისიაში გააგზავნა.