უზენაესი მოსამართლეების შერჩევა

უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების შერჩევის პოცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.

მიქაუტაძის თქმით, ეს პროცესი ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლიდან დაიწყება. საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის თქმით, ეს მთავარი გამოწვევა იქნება საბჭოსთვის და პარლამენტისთვის და მთავარია პროცესი დახურულ რეჟიმში არ წარიმართოს.

ახალი კონსტიტუციის ამოქმედებისთანავე, რომელიც ახლად არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადებისას შევა ძალაში, ამოქმედდება ახალი რეგულაციები, რომლის მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და თავმჯდომარის შერჩევის ვალდებულება იუსტიციის საბჭოს ეკისრება.