უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტი
გახშირებული ვიზიტები და გააქტიურებული კომუნიკაცია ცენტრალური აზიის ქვეყნებთან.
ყაზახეთის შემდეგ უზბეკეთი ხდება რეგიონის მეორე ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა დააკავშირებს. ურთიერთობის ახალ საფეხურზე გადასვლა უზბეკეთის პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერმა რამდენიმე საათის წინ ხელმოწერებით ოფიციალურად გააფორმეს. 23-წლიანი პაუზის შემდეგ უზბეკეთის პირველი პირი ჩვენს ქვეყანას სახელმწიფო ვიზიტით ესტუმრა. დღის წესრიგშია სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლების გაზრდა და შუა დერეფნის პროექტში თანამშრომლობის გაღრმავება. უზბეკეთისთვის, როგორც ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნისთვის, შუა დერეფნის მარშრუტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს – წლიდან წლამდე მარშრუტში უზბეკეთიდან აზერბაიჯან-საქართველოს პორტების გავლით ტვირთების მოცულობა სულ უფრო იზრდება. პირველი უმაღლესი დონის ორდღიანი ვიზიტი კიდევ რამდენიმე ხელშეკრულების ხელმოწერით დასრულდა.