უწყლობა და სოციალური პრობლემები სოფელ კაზლარში

საგარეჯოს რაიონის სოფელ კაზლარში სასოფლო-სამეურნეო მიწებსაც კი ვეღარ ამუშავებენ. რაიონული ცენტრიდან 40 კილომეტრით დაცილებულ დასახლებაში სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა მწვავედ დგას, რის გამოც ადგილობრივები მოსავალს ვერ იღებენ.

თულარის თემში შემავალ სოფელში 300-ზე მეტი კომლი ცხოვრობს, რომელთა დიდი ნაწილი ეთნიკური აზერბაიჯანელია. ადგილობრივი ხელისუფლების არაერთი დაპირებისა და ტენდერის გამოცხადების მიუხედავად, წყლის საკითხი დასახლებაში დღემდე ვერ მოგვარდა. ამ დრომდე ვერ გამოიცვალა სასმელი წყლის ძველი სისტემაც, სადაც დასალევად უვარგისი წყალი მოდის. შედეგად, სოფლის მცხოვრებლებს სასმელი წყლის მარაგების შესავსებად რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ.