თბილისში 70 ათას გულშემატკივარზე გათვლილი ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონი აშენდება. მშენებლობასთან დაკავშირებით უკვე შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. უკვე ჩატარდა პირველი სხდომა, სადაც სტადიონის პოტენციური ლოკაციები, აგრეთვე მშენებლობასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური საკითხები განიხილეს.
კომისიის წევრებმა ასევე ისაუბრეს სტადიონის ადაპტირების შესაძლებლობებზე სპორტის სხვადასხვა სახეობის ტურნირების ჩასატარებლად. აღნიშნულ საკითხებზე მთავრობის მეთაურმა ინფორმაცია ფეხბურთისა და რაგბის ფედერაციების პრეზიდენტებისგან მოისმინა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი სტადიონი საქართველოს 2028 წლის „ჩემპიონთა ლიგის“ ფინალის მასპინძლობაზე განაცხადის შეტანისა და სხვა უმაღლესი რანგის ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს.