უწყებათაშორისი კომისიის სხდომა

18:16, 29.09.2025

იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების თარიღამდე გამართულ ბოლო სხდომაზე, კომისიის წევრებმა წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობა შეაჯამეს. აღინიშნა, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს საშუალება ჰქონდათ, საარჩევნო შეხვედრები და სხვა აქტივობები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩაეტარებინათ. უწყებათაშორისი კომისიის მუშაობისა და მედიამონიტორინგის შედეგად არ გამოვლენილა საჯარო მოხელეების მიერ, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის მნიშვნელოვანი ფაქტები. კომისიამ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილისგან უწყების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. გიორგი შარაბიძის განცხადებით, დასრულებულია ბიულეტენების ბეჭდვა და მიმდინარეობს რეგიონებში მათი დისტრიბუციის პროცესი. საარჩევნო სიაში 3 513 818 ამომრჩეველი ფიქსირდება; კენჭისყრის დღეს გაიხსნება 3 061 უბანი, აქედან 2 284 უბანზე იქნება ელექტრონული კენჭისყრა, დანარჩენში კი – ტრადიციული; პენიტენციურ დაწესებულებებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, სულ 10 საარჩევნო უბანი მოეწყობა. მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო სიებში, თავის გადამოწმების სერვისებით, მოქალაქეებმა ისარგებლეს 600 784-ჯერ, რაც ძალიან მაღალი აქტივობაა. მომდევნო სხდომას კომისია კენჭისყრის დღის – 4 ოქტომბრის შემდგომ გამართავს. კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე იმუშავებს.

მსგავსი