უწყებათაშორისი კომისიის სხდომა 

21:29, 19.08.2025

იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიამ იუსტიციის სამინისტროს „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ანგარიში მოისმინა ამომრჩეველთა სიის სრულყოფის მიზნით გაწეული მუშაობის შესახებ. აღინიშნა, რომ პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა სია, ბოლო თორმეტი წლის განმავლობაში სისტემური და ინტენსიური მუშაობის შედეგად მნიშვნელოვნად დაიხვეწა და დაზუსტდა; სააგენტო მუდმივად ახორციელებს მონაცემთა ხარისხის კონტროლს და მიზნობრივ ღონისძიებებს ამომრჩეველთა სიის სიზუსტის უზრუნველსაყოფად. აღნიშნულის მაგალითია მიმდინარე აქცია, რომელიც 2025 წლის 11 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე გრძელდება და გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, პირადობის ელექტრონული მოწმობა ნახევარ ფასად მიიღონ. საარჩევნო გარემოს მონიტორინგის პროცესში უწყებათაშორისი კომისია სწავლობს როგორც მედიაში გავრცელებულ, ისე პოლიტიკური გაერთიანებების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, გამოვლენილ ინციდენტებზე რეაგირებისათვის კი, შეიმუშავებს რეკომენდაციებს. კომისია იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ხელმძღვანელობს. კომისიის შემადგენლობაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მაღალი რანგის წარმომადგენლები შედიან, რაც უზრუნველყოფს კოორდინირებულ და ეფექტიან მოქმედებას.

მსგავსი