უწყებათაშორისი კომისიის შემაჯამებელი სხდომა
იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ხელმძღვანელობდა. სხდომაზე კომისიის წევრებმა შეაჯამეს 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობა, არჩევნების შემდგომი პერიოდი და საარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგები. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში, საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის ფაქტებთან მიმართებით, 10-მდე სხდომა გაიმართა; კომისიამ თავისი საქმიანობის განმავლობაში, სულ 25 საკითხი განიხილა, მათ შორის, როგორც პოლიტიკური გაერთიანებებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების განცხადებები, ასევე მედიამონიტორინგის საფუძველზე გამოვლენილი შესაძლო დარღვევები. აღინიშნა, რომ პასუხისმგებელი უწყებების მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად, არც ერთ შემთხვევაში არ დადგინდა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა. ასევე, არ დაფიქსირებულა საჯარო მოსამსახურეების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენების შემთხვევები.