უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობის არაკეთილსინდისიერად გამოყენების პრევენციისთვის პარლამენტში კანონს მიიღებენ

უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობის არაკეთილსინდისიერად გამოყენების პრევენციისთვის პარლამენტში სპეციალურ კანონს მიიღებენ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დღეს პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა“ და „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

კანონპროექტის მიხედვით, ქართველ პოლიციელს მიეცემა შესაძლებლობა, საზღვარზე შეაჩეროს შენგენის ზონასა და ევროკავშირში მიმავალი მოქალაქე თუ მას წესრიგში არ ექნება შესაბამისი დოკუმენტაცია.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, კანონპროექტის მიზანია საქართველოს უვიზო რეჟიმის შეჩერების რისკების მინიმუმამდე დაყვანა. ასევე, სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახდება საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან უკანონო გადაყვანა, რაც სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო აღნიშნული ქმედების ჩადენა ორგანიზებული ჯგუფის მიერ შვიდიდან ათ წლამდე პატიმრობას.