უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი მარტივდება

18:23, 17.11.2025

ევროკავშირის საბჭომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებული წესები დაამტკიცა. ბრიუსელს გადაწყვეტილება მისცემს საშუალებას, უფრო სწრაფი რეაგირება მოახდინოს კონკრეტულ სიტუაციებზე, როდესაც უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენება ხდება ან ის ეწინააღმდეგება ევროკავშირის ინტერესებს. ახალი წესების მიხედვით, უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლები გაფართოვდება. პირველ ჯერზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება მოხდება 12 თვით, დღეს მოქმედი ცხრა თვის ნაცვლად. შესაძლებელია ეს პერიოდი კიდევ 24 თვით გახანგრძლივდეს. ასევე გათვალისწინებულია მიზნობრივი მიდგომა. ამ დრომდე მოქმედი წესით უვიზო მიმოსვლის შეჩერების გახანგრძლივების დროს ეს ზომა თუ მესამე ქვეყნის ყველა მოქალაქეზე აისახებოდა, ახალი წესებით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების დამატებით 24-თვიანი  პერიოდი არ შეეხება ყველა მოქალაქეს. ამის ნაცვლად, ევროკავშირს შეეძლება, მხოლოდ მთავრობის ოფიციალური პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ გამოიყენოს ეს გადაწყვეტილება. უვიზო მიმოსვლის ახალი მექანიზმი ძალაში შევა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მეოცე დღეს. ის იქნება სავალდებულო და გამოყენებული ევროკავშირის სახელმწიფოებში.

მსგავსი