უვადოდ მსჯავრდებულის დედა პროკურატურასთან შიმშილობას იწყებს

უვადოდ მსჯავრდებულის დედა მთავარ პროკურატურასთან შიმშილობას იწყებს. გოდერძი კიკნაძე სასჯელს განზრახ მკვლელობისთვის იხდის. მერი კიკნაძის პროტესტი კი ციხის ყოფილი მაღალჩინოსნების დაუსჯელობას უკავშირდება. მისი თქმით, 2013 წელს მისი შვილი ორთაჭალის ნომერ პირველ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს, საკანში კი დანა დაუტოვეს. 2013 წელს მას ბრალად პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული საგნის შენახვა და ადმინისტრაციის მუშაობისათვის ხელის შეშლა ედებოდა. ხელახალი გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ დაადგინა, რომ მსჯავრდებულის უფლებები დაირღვა.

2018 წელს სააპელაციო სასამართლომ საქმე გადასინჯა და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. თუმცა კიკნაძის დედის თქმით, პირები ვინც ამ საქმეში ფიგურირებდნენ, ციხის ყოფილი მაღალჩინოსნები, ამ დრომდე არ დასჯილან. მათ შორის, ციხის ყოფილი უფროსის ყოფილი მოადგილე.

პროკურატურის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცალკეული თანამშრომლების მიმართ, სამსახურებრივი გულგრილობის შესაძლო ფაქტზე გამოძიება გრძელდება.