უვადო პატიმრობა ცხრა წლის გოგონას მკვლელობისთვის

გორში მომხდარი შემზარავი დანაშაულის ფიგურანტს მოსამართლემ განაჩენი გამოუტანა. ცხრა წლის გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. სასამართლომ პროკურატურის მტკიცებულებები და მოთხოვნილი სასჯელის ზომა სრულად გაიზიარა.

დასკვნით პროცესზე სიტყვა ითხოვა თავად ბრალდებულმაც, რომელიც ამ დრომდე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. რეზონანსულ საქმეში არაერთი მოწმის ჩვენება, ასევე სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნა და ბრალდებულის ტელეფონიდან მოპოვებული ჩანაწერები დევს, რომლებიც პროკურატურის მტკიცებით, სწორედ იაგო ნებიერიძის ბრალეულობას ადასტურებს.

შემზარავი დანაშაული ოქტომბერში მოხდა. ცხრა წლის ნანიკო ბერიაშვილის კვალი ცეკვის გაკვეთილზე მიმავალი გზიდან დაიკარგა. რამდენიმე საათში მისი ცხედარი მდინარის ნაპირთან იპოვეს.