ოპოზიციურ ალიანსში უთანხმოების ახალი თემა გაჩნდა. გაერთიანების რიგებში გიორგი გახარიას და „ლელოს“ შეყვანის ინიციატივას ნეგატიური რეაქციები მოჰყვა.
გაფართოების იდეა პარტია „ახალის“ ლიდერ ნიკა გვარამიას ეკუთვნის, რომელიც არცთუ შორეულ წარსულში საერთო სტრატეგიისგან გამიჯვნის, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის და საპარლამენტო ბოიკოტის დარღვევის გამო ორივე პოლიტიკურ ძალას მწვავედ აკრიტიკებდა და ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებდა. მის პოზიციას, რომ ახლა წარსულის გარჩევის დრო არ არის, ალიანსში არ იზიარებენ. თუმცა ამ საკითხზე ერთსულოვნების შემთხვევაშიც ინიციატივა ინიციატივად დარჩებოდა. ორივე პარტია ცხრა პოლიტიკური ძალის მიერ ორი თვის წინ ფორმირებულ ალიანსში გაწევრიანებას გამორიცხავს და წითელ ხაზად „ნაციონალურ მოძრაობას“ აცხადებს. იმ პარტიას, რომელიც გაერთიანებაში ჯერ ისევ რჩება, თუმცა არ უარყოფს, რომ ალიანსის ტაქტიკის და სამოქმედო გეგმის მიმართ პრეტენზიები აქვს. მიხეილ სააკაშვილის და მისი პარტიის ლიდერთა ხედვა ალიანსის დანარჩენი ძალების ხედვასთან თანხვედრაში არაა, რაც 26 მაისს დაანონსებული შეკრებისთვის მზადებაშიც ჩანს.