უთანხმოება ოპოზიციურ ალიანსში
მორიგი უთანხმოება ახლადშექმნილ ოპოზიციურ ალიანსში.
ცხრა პოლიტიკური ძალის ერთობაში ამჯერად დაძაბულობა მიხეილ სააკაშვილის მიმართვამ გამოიწვია. ალიანსის წევრი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ლიდერის წერილის შინაარსი მისაღებია. სწორედ ყოფილი მმართველი პარტიაა ცხრა პოლიტიკურ ძალას შორის ერთადერთი, რომელიც ალიანსის სახელით გავრცელებულ განცხადებას არ შეუერთდა. ერთობლივ ტექსტში ალიანსის წევრები სააკაშვილის მიმართვას პერსონალურ თავდასხმებად და კონფრონტაციად აცხადებენ. ცალკეული ლიდერების მხრიდან ექს-პრეზიდენტის მიმართ გაისმა მუქარაც. წერილის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ პატიმრობაში მყოფი ლიდერი ალიანსის სტრატეგიით და ბრძოლის გზით უკმაყოფილოა. ყველა წინადადებაში საკუთარი თავის და მმართველობის ხსენებით ექს-პრეზიდენტი პოლიტიკოსებს ხალხთან კომუნიკაციის გააქტიურებისკენ და ტელე სტუდიებში მისვლის ნაცვლად მათთან კამერების გარეშე საუბრებისკენ მოუწოდებს და ახსენებს, რომ ოპოზიციის გზა არა უნგრული, არამედ ქართული უნდა იყოს, რაც რევოლუციაზე გადის. შენიშვნების ღიად მიცემის და საკუთარი უპირატესობის ხაზგასმის ფონზე ყოფილი პრეზიდენტი ალიანსის წევრებს აფრთხილებს, რომ მისი დაგმობის ტაქტიკა მარცხით დასრულდება.
თამუნა წიკლაური გაგვაცნობს სააკაშვილის მიმართვის თანმდევ არაერთგვაროვან რეაქციებს.