მზადება 26 მაისის შეკრებისთვის მზარდი შიდა დაპირისპირების ფონზე.
ორი თვის წინ ცხრა პოლიტიკური ძალის მიერ დაფუძნებულ ოპოზიციურ ალიანსში უთანხმოება დაანონსებული აქციის თარიღის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო მწვავდება. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და ცალკეული წევრები ალიანსის სამოქმედო სტრატეგიის მიმართ უკმაყოფილებას ვერ მალავენ და გაერთიანების წევრებს პასიურობის გამო საყვედურობენ. მსგავს პრეტენზიებს ადრესატები თავდასხმებად და ალიანსის შეთანხმების პუნქტების დარღვევად მიიჩნევენ. მხარეები ერთმანეთის მიმართ შეურაცხმყოფელ ეპითეტებსა და მიმართვებსაც არ ერიდებიან. უთანხმოება რეგიონებში მიმდინარე შეხვედრებზე და 26 მაისისთვის სამზადისზეც აისახება. ამომრჩევლებთან შეხვედრებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ ესწრებიან.
შიდა კონფლიქტების და დაპირისპირების ფონზე სულ უფრო აქტუალური ხდება შეკითხვა – რა იგეგმება 26 მაისს და რამდენად აქვთ ურთიერთთავდასხმების რეჟიმში მყოფ პოლიტიკურ აქტორებს ელექტორატის მობილიზების რესურსი.