უთანხმოება ოპოზიციურ ალიანსში
ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირება გრძელდება. მიხეილ სააკაშვილი რვა პარტიის განცხადებას სოციალურ ქსელში პასუხობს, რომლებმაც ყოფილი პრეზიდენტი ალიანსის პრინციპების დარღვევაში დაადანაშაულა. სააკაშვილის აზრით, ოპოზიციურ ალიანსში მისი კომპლექსი აქვთ და მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილს უნდა ებრძოდნენ, მთავარ სამიზნედ ის ჰყავთ არჩეული.
მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ თავად ერთობის მომხრეა, თუმცა, თუ ერთობა მყიფეა და მას ცენზურას უწესებს, მას ბრძოლისთვის ძალა ვერ ექნება. „საქართველოში ყველაზე მეტი მხარდაჭერა მე მაქვს და სწორედ ამიტომ ვარ ყველაზე მეტი დრო ციხეში და ამიტომ მაქვს ყველაზე მეტი მისჯილი,“ – დაწერა სააკაშვილმა. ასევე, სააკაშვილი თავის პასუხში საზოგადოებრივ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას და ოპოზიციის ნაწილს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, მისი კრიტიკის ნაცვლად, ფოკუსი სხვა მიმართულებით გაასწორონ.
ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა განვლილი წლები და ოპოზიციის ცალკეული წევრები ბიძინა ივანიშვილის ე.წ. თამაშში დაადანაშაულა. „2016 წელს, როცა დიდი ჯგუფი გამოგვეყო, რეჟიმი მკვეთრად გააძლიერა. 2018 წელს, როცა ბაქრაძე დაგვიყენეს საპირწონედ და ამან ჩაშალა ოპოზიციის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში და 2024 წელს, როცა ივანიშვილის მიერ გილაურის სცენაზე შემოყვანით და მის მიერ დახარჯული 10 მილიონი დოლარით შეუძლებელი გახდა ერთი სიით გასვლა არჩევნებზე“, – წერს სააკაშვილი.
აღნიშნული საკითხი შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. „ნაციონალურ მოძრაობაში” აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ღირებულ რჩევებს მოიცავდა, მმართველი გუნდი კი ოპოზიციური ალიანსის წარუმატებლობაზე აკეთებს აქცენტს და აღნიშნავს, რომ ეს ალიანსი არაფერია, თუ არა ძველი „ნაცების“ გაერთიანება.