უთანხმოება ოპოზიციაში და მოლაპარაკების პერსპექტივა

მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის მოლოდინში ოპოზიციის შიგნით უთანხმოება მწვავდება.

ალეკო ელისაშვილის და „გირჩის“ ნაწილის შემდეგ თავდასხმის ობიექტი ამჯერად „ლელოს“ ლიდერი ხდება, რომელიც ვადამდელი არჩევნების 2022 წელს ჩატარების საკითხზე ალაპარაკდა. პარლამენტს მიღმა დარჩენილმა ირაკლი ოქრუაშვილმა მამუკა ხაზარაძეს იმდენად შეურაცხმყოფელი პოსტი მიუძღვნა, რომ  პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს პოლიტიკურმა პარტნიორებმა კორექტულობისკენ მოუწოდეს. ხაზარაძეს ინიციატივა დაუწუნა „ლეიბორისტების“ ლიდერმაც. გადაადგილებების და შიდა დაპირისპირების ფონზე სულ უფრო ოპტიმისტური ხდება მმართველი გუნდის პროგნოზები. „ქართული ოცნება“ ოპოზიციიდან იმ პოლიტიკურ ძალებზე მიანიშნებს, რომლებთანაც მოლაპარაკების და შეთანხმების შანსებს ხედავს.

უფრო მეტიც, საპარლამენტო უმრავლესობაში დარწმუნებულები არიან, რომ იანვრის ბოლოსთვის  ქვეყანას მრავალპარტიული პარლამენტი ექნება.  მმართველ გუნდში ასევე მზადყოფნას გამოთქვამენ  იმუშაონ რეფორმებზე ოპონენტების იმ ნაწილთან ერთად, ვინც პარლამენტში შესვლას გადაწყვეტს. ოპოზიციის  ნაწილისგან განსხვავებით, „ლელოს“ ლიდერის განცხადებაში ჩვეულებრივი პოლიტიკური მოთხოვნა  ამოიკითხა პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ. ალეკო ელისაშვილი, რომელიც ოპოზიციური ერთობის  მხრიდან თავდასხმების პირველი სამიზნე გახდა, ფიქრობს, რომ ახლა არა რევოლუციის, არამედ   პოზიციების დაახლოების დროა.