უთანხმოება ოპოზიციაში
გაერთიანების მორიგი წარუმატებელი მცდელობა – ოპოზიციურ ფლანგზე ერთობის კიდევ ერთხელ ჩავარდნილი ინიციატივა მორიგი ურთიერთბრალდებების და უთანხმოების თემა ხდება.
ყოფილ პრეზიდენტთან რამდენიმეთვიანი აქტიური კომუნიკაციის და კონსულტაციების შემდეგ ოპოზიციური ძალები ერთიანი ცენტრის შექმნაზე ვერც ამჯერად შეთანხმდნენ და მხოლოდ საკოორდინაციო ცენტრის ფორმირებაზე შეჯერდნენ. ამ ფაქტით ყველაზე მეტად „ნაციონალური მოძრაობაა“ უკმაყოფილო, რომელიც ოპოზიციურ ძალებს გაერთიანებისკენ ჯერ კიდევ არჩევნებამდე მოუწოდებდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, გაერთიანების იდეაზე მეტად ახალი არჩევნების მიღწევის გზა კოორდინაციაზე უფრო გადის დანარჩენი ოპოზიციისთვის, ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელიც თვეების განმავლობაში ერთობის აუცილებლობაზე საუბრობდა, ცოტა ხნის წინ კი გაერთიანება გარედან თავს მოხვეულ აზრად გამოაცხადა და ოპოზიციურ სპექტრს კოორდინაციისკენ მოუწოდა. ფაქტია ისიც, რომ სწორედ ექს-პრეზიდენტის მიმართ ბოლო პერიოდში ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერების რიტორიკაც შეიცვალა და განცხადებები გამწვავდა. როგორც ირკვევა, ოპოზიცია არც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხზეა ჩამოყალიბებული.