უთანხმოება ოპოზიციაში 

31 მარტის აქციამ ოპოზიციურ ფლანგზე უთანხმოების ახალ ფაზას დაუდო სათავე.

ოთხთვიანი საპროტესტო აქციების და ყოფილ პრეზიდენტთან აქტიური კონსულტაციების შემდეგ რუსთაველის გამზირზე სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილმა სტრატეგიამ აზრთა სხვადასხვაობა და უთანხმოება გამოიწვია. ცალკეული პოლიტიკური აქტორების სურვილის და მოწოდებების მიუხედავად, ოპოზიციის გაერთიანება ვერ მოხერხდა. ორი დღის წინ ექს-პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი გეგმა ოპოზიციური პარტიების კოორდინაციას და წინააღმდეგობის პლატფორმის შექმნას გულისხმობს, რასაც ოპოზიციის ნაწილი ახალი არჩევნების მისაღწევად არასაკმარის და არ ახალ ტაქტიკად მიიჩნევს. საუბრობენ იმ მიზეზებზეც, რის გამოც ერთობა ვერ შედგა. ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხზე ცალკეული პარტიების მხრიდან მკაფიო პოზიციის არარსებობა და პოზიციების ვერ შეჯერება სახელდება. სწორედ ამ მიზეზით ახალი პლატფორმის დამფუძნებელი დოკუმენტის ხელმოწერა ჩავარდა.