შიდა დაპირისპირების ახალი ფაზა „ნაციონალურ მოძრაობაში“.
პარტიის თავმჯდომარე ლიდერის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. თინა ბოკუჩავა არათანმიმდევრულობას და იმპულსურობას ხედავს განცხადებაში, რომელშიც მიხეილ სააკაშვილმა თავმჯდომარის არჩევნებში საკუთარ კანდიდატად ნანუკა ჟორჟოლიანი გამოაცხადა. იმის მიუხედავად, რომ რადიკალურ ცვლილებებზე საუბრის დროს მანამდე ექს-პრეზიდენტმა არაერთხელ მიუთითა ჟორჟოლიანის განსაკუთრებულ როლზე, ციხეში მყოფი ლიდერის პოზიცია პარტიის მოქმედი ხელმძღვანელისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ორი წლის წინ არჩეულ ბოკუჩავას ვადა ეწურება – ყოფილ მმართველ პარტიაში ყრილობა ორ თვეში უნდა ჩატარდეს. თავმჯდომარის და პარტიული თანამდებობის პირების კანდიდატურების გარშემო კონსულტაციები დაწყებულია. პასიურობაზე არაერთხელ მითითების და რადიკალური ქმედებებისკენ მოწოდებების შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი ციხიდან საკუთარ გუნდში ძირეულ ცვლილებებს აანონსებს. სააკაშვილის კრიტიკის და სამოქმედო სტრატეგიით უკმაყოფილების გამო „ნაციონალურ მოძრაობას“ პრობლემა სამი თვის წინ შექმნილ ოპოზიციურ ალიანსთანაც შეექმნა. ერთობაში პარტიის ყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.