უთანხმოება „ნაციონალურ მოძრაობაში“ 

„ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილ წინააღმდეგობის პლატფორმიდან გავიდა.

ყოფილი მმართველი პარტია ყოფილი პრეზიდენტის პოზიციონირებით და ტაქტიკით იმედგაცრუებულია. 31 მარტის აქციაზე გაჟღერებული გზავნილების გამო პოლიტიკური გაერთიანება უკმაყოფილებას ვერ მალავს და საკუთარ თავს პლატფორმაში ვერ ხედავს. თუმცა ცალკეულ საკითხებზე თანამშრომლობის შესაძლებლობას მაინც ტოვებს. პარტია პლატფორმის ფარგლებში არამყარ კოორდინაციაზეც მიუთითებს. ამ კონტექსტში განიხილება გიორგი გახარიას გადაწყვეტილებაც. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლის გამო ყოფილ პრემიერს „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. ექს-პრეზიდენტის თუ ცალკეული ოპოზიციური ძალების კრიტიკის პარალელურად, ყოფილი სახელისუფლებო გუნდი მედიის ყურადღების ცენტრში პარტიის ლიდერის ბოლო განცხადების გამოც მოხვდა. მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი თავმჯდომარის შეცვლის მცდელობაზე საუბრობს. მოსალოდნელია თუ არა პარტიის ხელმძღვანელის კიდევ ერთხელ შეცვლა – თინა ბოკუჩავა, რომელსაც სააკაშვილი სრულ მხარდაჭერას უცხადებს, ამ თემაზე საუბრისგან თავს იკავებს.