ახალი გადაჯგუფებები „ნაციონალურ მოძრაობაში“.
დიდი ალბათობით თინა ბოკუჩავას ნანუკა ჟორჟოლიანი შეცვლის. ორი წლის წინ არჩეულ მოქმედ თავმჯდომარეს ვადა ეწურება. ციხეში მყოფ ლიდერს ამ პოსტზე უკვე ჰყავს კანდიდატურა და ის ჟორჟოლიანია. მიხეილ სააკაშვილის არჩევანი გუნდის შიგნით მოიწონეს. გამონაკლისი ჯერ ისევ მოქმედი ხელმძღვანელი თინა ბოკუჩავაა, რომლისთვისაც ექს-პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადება მოულოდნელობა აღმოჩნდა. როგორც ირკვევა, სააკაშვილს პარტიის თავმჯდომარესთან ამ საკითხზე წინასწარ კომუნიკაცია საერთოდ არ ჰქონია. ბოკუჩავა ექს-პრეზიდენტის ქცევას არათანმიმდევრულს და იმპულსურს უწოდებს, თუმცა პარტიიდან წასვლას არ აპირებს. ძირეული ცვლილებები, განახლება და რეფორმები ციხიდან ლიდერის მთავარი დაკვეთაა – ოპოზიციური ალიანსის სამოქმედო გეგმით მუდმივად უკმაყოფილო მიხეილ სააკაშვილი ახლა მთავარ გათვლას გუნდის გაძლიერებაზე აკეთებს და გამარჯვებაზე საუბრის დროსაც ბოლო პერიოდში მხოლოდ საკუთარ პარტიას ახსენებს.