უთანხმოება და არჩევნებისთვის მზადება „ნაციონალურ მოძრაობაში““

ორად გაყოფილ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა კრიზისი ყოველდღიურად მწვავდება.

პარტიის ლიდერები ახალი თავმჯდომარის და ახალი პოლიტსაბჭოს ვადამდელ არჩევნებზე ამყარებენ იმედს, თუმცა პარტიის ყოფილი წევრები და მხარდამჭერები, ისევე როგორც ცალკეული ოპოზიციური პარტიები დაგეგმილი არჩევნების მიმართ საკმაოდ სკეპტიკურად არიან განწყობილნი. მათ შორისაა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ უკვე დასრულებულად აცხადებს, პარტიის მკვლელად კი არა მოქმედ თავმჯდომარეს, არამედ სხვებს მიიჩნევს, რომელთა ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს.

ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია რომ ორ ბანაკად არის დაყოფილი, ამას ლიდერების ყოველდღიური განცხადებებიც ადასტურებს – სალომე ქოქიაშვილი არკვევდა, ვინ უმყარებს ზურგს „ნაციონალური მოძრაობის“ ჯერ კიდევ მოქმედ თავმჯდომარეს, რომელსაც თანაგუნდელების ნაწილი დავით კეზერაშვილის საჯარო კრიტიკის შემდეგ დაუპირისპირდა და გადადგომა ურჩია.