უშგულის მოსახლეობის პრეტენზიებს სპეციალისტები გაეცნენ

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით, უშგულის მოსახლეობის პრეტენზიებს სპეციალისტები გაეცნენ.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე და არქიტექტორ-რესტავრატორები სვანეთში იმყოფებოდნენ. მათ ჩაჟაშში უკვე რეაბილიტირებული კოშკები და მაჩუბები დაათვალიერეს. ასევე, სოფელ მურყმელშიც ჩავიდნენ, სადაც რამდენიმე კვირის წინ ერთი კოშკი ჩამოინგრა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ რეაბილიტაცია უხარისხოდ ტარდება და თანხები არამიზნობრივად იხარჯება. მათი თქმით, აღდგენილ კოშკებში ისევ წყალი ჩადის.

მოსახლეობის პრეტენზიებს მხარის გუბერნატორიც იზიარებს. სააგენტოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ სპეციალისტები ერთობლივ დასკვნას მოამზადებენ და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გამოასწორებენ. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელმაც სხვა პრობლემებზეც უნდა იმუშაოს, როგორიცაა ზვავმრიდების მოწყობა და უშგულის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავება.