უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკებები

მედიაციის წარუმატებელი ფინალი: ერთკვირიანი აქტიური მუშაობის შემდეგ, კრისტიან დანიელსონი ბრიუსელში შეთანხმების გარეშე დაბრუნდა. ჯერ ინდივიდუალური და შემდეგ ორმხრივი ხანგრძლივი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. გუშინდელი მეორე და, როგორც აღმოჩნდა გადამწყვეტი რაუნდის შემდეგ, ხელისუფლებისა და ოპოზიციის რიტორიკა ერთმანეთის მისამართით კიდევ უფრო გამწვავდა.

რა ხდებოდა ათსაათიან მოლაპარაკებებზე – ორივე მხარე სურათს სხვადასხვანაირად აღწერს და კომპრომისული შეთანხმების ვერმიღწევაზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებს. ფაქტია, რომ პოზიციების დაახლოვება ვადამდელი არჩევნებისა და მელია-რურუას საქმეების გამო ვერ მოხერხდა. მართალია, დეტალებზე მედიასთან არცერთ მხარეს არ უსაუბრია, თუმცა ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებების მიხედვით ცნობილი ხდება, თუ რა კომპრომისული წინადადებები და ვარიანტები იყო განხილვის საგანი. წასვლამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა ორივე მხარის მისამართით მკაფიო გზავნილები დატოვა. პროცესი შეჩერდა, თუ დასრულდა – ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით ოპოზიციის ნაწილი აქციების რეჟიმზე გადადის.

მოამბე

დატოვე კომენტარი