უშედეგო ბოიკოტი – უთანხმოების მორიგი მიზეზი ოპოზიციაში
ვაშინგტონის მოწოდება ოპოზიციის მისამართით, რომელმაც ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირება ახალ ფაზაში გადაიყვანა. განცხადება, რომლითაც საქართველოში ჩამოსულმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ქვეყანაში არსებული სიტუაცია შეაფასეს, პოლიტიკურმა ძალებმა სხვადასხვანაირად წაიკითხეს. ოპოზიციური ალიანსიდან მწვავე კრიტიკის სამიზნედ იქცა „ლელო“, რომელმაც საჯაროდ თქვა, რომ ამერიკა ოპოზიციის ბოიკოტით იმედგაცრუებულია და ეს გზავნილი თბილისში მაისის ბოლოს მყოფი ამერიკელი სტუმრებისგან პირადად მოისმინეს. ,,ლელომ” იგივე გზავნილი, ანუ ბრძოლისთვის ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტის გამოყენების რჩევა ამოიკითხა ოფიციალური ტექსტიდანაც, სადაც შავით თეთრზე წერია : ,,ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს”. თავის დროზე ,,ლელომ”, არჩევნებში ბარიერგადალახული სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა, თუმცა 2025 წლის მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, რის გამოც მაშინაც მწვავედ გააკრიტიკეს. უკვე დღეს პარტია ბოიკოტის დამაზიანებელ ეფექტზე ხმამაღლა საუბრობს, თუმცა პასუხად ბოიკოტის მომხრე ოპოზიციისგან მძიმე ბრალდებების მოსმენა უწევს. ვინ როგორ გაიგო ამერიკელი სტუმრების რეკომენდაცია და მთავარი სათქმელი – თამუნა წიკლაურის რეპორტაჟი #მოამბე