„უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ - ბერლინის ტურისტული გამოფენა

„უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ – საქართველო ამ გზავნილით 180-ზე მეტ სახელმწიფოს შორის წელს, ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე მასპინძლის როლს ირგებს. მსოფლიოში ყველაზე დიდი და მასშტაბური, ტურისტული ექსპოზიციის გახსნამდე, გერმანიის დედაქალაქის ყველა ცენტრალურ და ტურისტულ ადგილას საქართველოს სარეკლამო ბანერებია გამოფენილი, რომლებიც დამთვალიერებელს უსაზღვრო თავგადასავლებისთვის ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ეპატიჟებიან. უკვე თითქმის მზადაა ქართული სტენდი, რომელიც წელს ათას კვადრატულ მეტრზე გამოფენის ცენტრში იქნება წარმოდგენილი და „აითიბი ბერლინის“ სტუმრებს ჩვენს ქვეყანას გააცნობს. გამოფენას საქართველო 6 მარტს გრანდიოზული გალა კონცერტით გახსნის. მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებთან ერთად, მომზადდება ტრადიციული ქართული კერძებიც. „აითიბი ბერლინი“ მესამოცედ ტარდება.