USAID-ის შეჩერებული პროგრამები და საქართველო
ამერიკის პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის განცხადებების ფონზე საქართველოს ხელისუფლების დღის წესრიგში უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის საკითხი აქტიურდება.
პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და დემოკრატიის ეროვნულ ფონდს მოუწოდებს, გაასაჯაროონ, რა მიზნით იხარჯებოდა ბოლო წლების განმავლობაში მათ მიერ გამოყოფილი დაფინანსება. ეს მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ „იუესაიდის“ საგარეო დახმარების პროგრამა სამი თვით შეაჩერა, „იუესაიდის“ და „ნედის“ მისამართით კი საკმაოდ მწვავე განცხადებები გაკეთდა. ხელისუფლებისთვის ამერიკის ახალი პრეზიდენტის გუნდის მწვავე გზავნილები და ილონ მასკის მიერ გაზიარებულ ვიდეოში თბილისში მიმდინარე აქციების ამსახველი კადრის მოხვედრა კიდევ ერთი არგუმენტია იმის სამტკიცებლად, რომ უცხოეთიდან საქართველოში თანხები დესტაბილიზაციის გამოსაწვევად და რევოლუციური პროცესებისთვის იხარჯება. ამ კონტექსტში დღეს კიდევ ერთხელ ახსენეს „იუესაიდის“ მიერ დაფინანსებული ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლის შედეგიც, რომლის უზუსტობაც მოგვიანებით შეცდომით აიხსნა. ხელისუფლება ქვეყნის შიდა პოლიტიკური სიტუაციის არევის მიღმა „ნედის“, იგივე „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ კვალსაც ხედავს. მმართველი გუნდის პოზიციას ემიჯნება ოპოზიცია, რომელიც დარწმუნებულია, რომ სამი თვის შემდეგ აშშ-ის საგარეო დახმარების პროგრამა აღდგება.