USAID-ის პროგრამების 90 % შეჩერდა

აშშ-ის საგარეო დახმარების დროებით შეჩერების შემდეგ „იუსაიდში“ მასობრივი საკადრო წმენდა დაიწყო.

დღეს ვაშინგტონში მდებარე ცენტრალური ოფისი თანამშრომლების უმეტესობას დაატოვებინეს. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტების 90%-ზე მეტი შეწყვეტილია. შენარჩუნდა მხოლოდ ჯანდაცვის, საკვების მიწოდებასა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებაზე გათვლილი პროგრამები. საკადრო წმენდას პროტესტი მოჰყვა სააგენტოში დასაქმებული ადამიანებისგან. მათ ნივთების შესაგროვებლად მხოლოდ რამდენიმე წუთი მისცეს. ოფისის დაცლის პროცესი „იუესაიდის“ თანამშრომლების მხარდამჭერთა აქციის ფონზე მიმდინარეობდა. 64-წლიანი სააგენტოს წლიური ბიუჯეტი 43 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ამ პერიოდის განმავლობაში „იუსაიდი“ 120-ზე მეტ ქვეყანაში სიღარიბესთან და სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლის, დემოკრატიის განვითარების და უსაფრთხოების მიმართულებით და ჰუმანიტარული მიზნებისთვის სხვადასხვა პროგრამას ახორციელებდა. ახლა სააგენტოს მომავალი ბუნდოვანია. ის ახლა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია გადასული, რომელმაც სხვადასხვა ქვეყნიდან პერსონალის გაყვანის პროცესი უკვე დაიწყო.