უსაფრთხოების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება - შეფასებები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის კანდიდატურას პოლიტიკოსები აფასებენ. „ნაციონალური მოძრაობა“ აღნიშნულ საკადრო ცვლილებებს, საერთაშორისო ზეწოლას და სანქციებს უკავშირებს. „ლელოში“ კი – განმარტავენ, რომ ანრი ოხანაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მართვაში, საკმარისი ავტორიტეტი არ აღმოაჩნდა და სისტემის სადავეების ხელში აღება ვერ მოახერხა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მთავარი მიზანია, კიდევ უფრო გაძლიერდეს ქვეყნის უსაფრთხოებისათვის ზრუნვა და სწორედ მამუკა მდინარაძეს აქვს მდიდარი გამოცდილება, როგორც პრაქტიკოს იურისტს და ის კარგად იცნობს სამართალდამცავ სისტემას. მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილს შეცვლის, რომელმაც სუს-ის ხელმძღვანელის პოსტი ცოტა ხნის წინ დატოვა. ოხანაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველის თანამდებობას დაიკავებს.