საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ ანრი ოხანაშვილისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს. უწყების ხელმძღვანელის პოზიციაზე მამუკა მდინარაძეა წარდგენილი, რომელსაც პროცედურის მიხედვით თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ, ამის შემდეგ მისი კანდიდატურა დასამტკიცებლად საშემოდგომო სესიაზე გავა. პარლამენტში ვაკანტური ხდება „ქართული ოცნებიდან“ ერთი დეპუტატის ადგილი, მას შემდეგ, რაც მამუკა მდინარაძე ოფიციალურად დაინიშნება სუს-ის ხელმძღვანელად, საკანონმდებლო ორგანოში მის ადგილმონაცვლეს შეიყვანენ.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვების შესახებ ანრი ოხანაშვილმა განცხადება გაავრცელა. იმავე დღეს პრემიერ-მინისტრმა უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძე დაასახელა. ანრი ოხანაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩეველის პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.