დღეს დეპუტატები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ანრი ოხანაშვილისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებაც იმსჯელებენ. ამის შემდეგ, პროცედურის მიხედვით, ახალი ხელმძღვანელის არჩევის პროცესი დაიწყება. სუს-ის უფროსის პოზიციაზე მამუკა მდინარაძის კანდიდატურაა წარდგენილი. პროცედურის მიხედვით, მდინარაძეს თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ, რის შემდეგაც მისი კანდიდატურა დასამტკიცებლად საშემოდგომო სესიაზე გავა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა ანრი ოხანაშვილმა ცოტა ხნის წინ დატოვა, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძემ აღნიშნულ თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის კანდიდატურა დააყენა. ოხანაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას.