უსაფრთხოების სამსახურის განცხადება – გამოხმაურება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას, უკრაინის დაზვერვის მასალებთან დაკავშირებით, პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან. „ხალხის ძალაში“ აცხადებენ, რომ ბრალდებები ქვეყნის მისამართით ხშირად ისმის როგორც შავი ხვრელების არსებობაზე, ასევე იარაღთან დაკავშირებით რუსეთთან კავშირზე, თუმცა, არცერთი არ გამართლდა. „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ ეს მორიგი უპასუხისმგებლო განცხადებაა უკრაინული სპეცსამსახურების მხრიდან.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კონკრეტული მედიასაშუალებებისა და აქტივისტების მხრიდან მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის დაზვერვის მასალებით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სპეციალური უსაფრთხო კომუნიკაციის ტერმინალების ქსელები. მათივე ცნობით, ხსენებული მედიაპლატფორმების არცერთ წარმომადგენელს უწყებისთვის ამ დრომდე არ მიუმართავს.