უსაფრთხოების კონფერენცია მიუნხენში

კონფერენცია, რომელიც ხვალ დასრულდება, მსოფლიო ლიდერებს მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში, ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი მთიანი ყარაბახის საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაცია კონფერენციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.

როგორც ცნობილია, აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით დაგეგმილი დისკუსიის მოდერატორი ამერიკა-რუსეთის ფონდის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი იქნება.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დღეს მსოფლიო პოლიტიკური ლიდერები რიგ მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ. მათ შორის იქნება ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული გამოწვევები. ამასთან ერთად, პოლიტიკური პირები ისაუბრებენ აზიაში უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობის გაღრმავებაზე, სპარსეთის ყურეში ვითარების დეესკალაციასა და კლიმატის ცვლილებაზე. განხილვის თემა იქნება ასევე სოციალური მედია და დემოკრატია.