„უსაფრთხოების გარანტიები“ - პუტინის ულტიმატუმი დასავლეთს

საქართველოს და უკრაინის გამო რუსეთის ტონი დასავლეთის მიმართ ყოველდღე მკაცრდება.

მოსკოვი ჩქარობს და ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან უსაფრთხოების გარანტიების დაუყოვნებლივ მიღებას ითხოვს. ნატოს აღმოსავლეთით არანაირი სვლა აღარ უნდა მოხდეს – ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც ალიანსმა და აშშ-მა დღეს ვლადიმერ პუტინის ყოველწლიური შემაჯამებელი პრესკონფერენციიდან მიიღო. თუ რუსეთის უსაფრთხოება დაცული არ იქნება, კრემლი შესაბამისი მოქმედებებით იმუქრება, უსაფრთხოების უზრუნველყოფაში კი მოსკოვი ნატოს მხრიდან აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარს გულისხმობს. მსოფლიო ლიდერების არაერთი თხოვნის და მოწოდებების მიუხედავად, რეგიონული დაძაბულობის და მორიგი სამხედრო აგრესიის საფრთხე სულ უფრო იზრდება, უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ძალის და შეიარაღების მობილიზაცია არ წყდება. რუსეთსა და ამერიკას შორის დაანონსებული მოლაპარაკებების წინ ვაშინგტონს მოუწოდებენ, მოსკოვთან დათმობებზე არ წავიდეს და დიალოგს უკრაინის საზღვრებიდან რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ დათანხმდეს.