ურთიერთბრალდებები ოპოზიციაში – პარტიები გეგმაზე ვერ თანხმდებიან 

21:35, 25.11.2025

ოპოზიციურ ფლანგზე დაპირისპირების ახალი ეტაპი – მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას პასუხობს. ყოფილი პრეზიდენტი ყოფილი თანაპარტიელის ბოლო განცხადების ადრესატად საკუთარ თავს მიიჩნევს და ახსნა-განმარტებებს აკეთებს. სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას მელიამ კატეგორიულად გამორიცხა იმ პოლიტიკოსთან ურთიერთობა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ხელისუფლებასთან გარიგებაში დაადანაშაულა. „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულ ოპოზიციონერ ლიდერს არ დაუკონკრეტებია, თუმცა დიდი ალბათობით ის სააკაშვილის იმ ცნობილ განცხადებას გულისხმობდა, სადაც ექს-პრეზიდენტი პარტიის დაშლაში მისსავე ყოფილ თანაგუნდელებს სდებდა ბრალს და ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლების დავალებით და ნიკა გილაურის დაფინანსებით მის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე და ოპოზიციის გაერთიანების მიზანმიმართულად ჩაშლაზე საუბრობდა. კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის გუშინდელი გზავნილები ოპოზიციის სამომავლო სამოქმედო სტრატეგიასაც ეხება. საკუთარ ხედვაში მელია ჩამორჩენილობად მიიჩნევს პარტიულ ეგოიზმს და პოლიტიკოსებს თავისუფალ ცურვაში გადაშვებისკენ და გრძელვადიანი გეგმის დასახვისკენ მოუწოდებს.

გულისხმობს თუ არა ეს გეგმა ოპოზიციური ძალების გაერთიანებასაც, რაც არაერთი მცდელობის მიუხედავად, ამ დრომდე მიუღწეველ ამოცანად რჩება – თამუნა წიკლაური არკვევდა, როგორ ესახება 4 ოქტომბრის მოვლენების და პარტიების აკრძალვის გეგმის ფონზე ოპოზიციურ სპექტრს ახალი არჩევნების მიღწევა და ხელისუფლების შეცვლა.

მსგავსი