ურთიერთბრალდებები ოპოზიციაში
ოპოზიციურ ფლანგზე დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები გრძელდება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე ნიკა გვარამიას ოპოზიციური ერთობის მიზანმიმართულად ჩაშლაში და „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებს და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე პასუხისმგებლობას სწორედ მას აკისრებს. წითლიძის თქმით, გვარამიას სურვილი იყო, რომ 2024 წელს მთავარი ოპოზიციური პარტია ყოფილიყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებით, ნიკა გვარამია წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალური მმართველი იყო და დიდი გავლენით სარგებლობდა.
ოპოზიციური ერთიანობის ხელშეშლისა და ხელისუფლებასთან გარიგების შესახებ ბრალდებას უსაფუძვლოდ აცხადებენ პარტია „ახალის“ წევრები, რომლებიც წითლიძეს დაპირისპირების ხელოვნურად გაღვივებაში სდებენ ბრალს და მსგავს განცხადებებს ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ შედეგებით ხსნიან.