სამოქმედო სტრატეგიის გარშემო ოპოზიციურ ფლანგზე დაპირისპირება და უთანხმოება სულ უფრო მძაფრდება.
მთავარი საკითხი, რამაც პოზიციები გაყო, მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებია. ტონი და კრიტიკა მწვავდება იმ პოლიტიკური ძალების მიმართ, რომლებიც მერების და საკრებულოების არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავენ.
ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე პროცესებისა და პასიურობის გამო უკმაყოფილებას ვერ მალავს გუბაზ სანიკიძე, რომელიც ოპოზიციის ნაწილს ხელისუფლებასთან კავშირებზე მიუთითებს და გამოსავალს ეროვნული ხსნის კომიტეტის შექმნაში და მთავრობის გადადგომისა და ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით აქციების გამართვაში ხედავს. „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას წითელ ხაზად და წინააღმდეგობის მოძრაობისთვის დამაზიანებლად მიიჩნევს პარტია „ახალიც“. ფაქტია, რომ ხელახალი არჩევნების მიღწევა და ხელისუფლების შეცვლა მთავარ პოლიტიკურ აქტორებს სხვადასხვანაირად ესახებათ, რაც ალტერნატიული პლატფორმების შექმნაშიც ვლინდება. ახლა მთელი ყურადღება 26 მაისისკენ და სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებული აქციისკენაა მიმართული. 31 მარტის გათვალისწინებით მოლოდინები არაერთგვაროვანია.