ურთიერთბრალდებები ოპოზიციაში 

ნდობის დეფიციტი და ერთობის ნაცვლად კონკურენცია – ოპოზიციური პარტიიდან ცოტა ხნის წინ წამოსული პოლიტიკოსი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ყოფილი წევრი ოპოზიციის მხრიდან დაშვებულ შეცდომებსა და არათანმიმდევრულ მოქმედებებზე მიუთითებს და იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული აქციები გაცილებით მცირერიცხოვანი აღმოჩნდა, ვიდრე 28 ნოემბრის შემდეგ. ცოტნე კობერიძის საკმაოდ ხმაურიან განცხადებებს არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. კრიტიკას საკუთარ თავზე არცერთი აქტორი არ იღებს. პარლამენტის მიღმა დარჩენილი ოპოზიციური ძალის ლიდერის მხრიდან ოპოზიციის ტაქტიკურ შეცდომად სახელდება მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობაც. თუმცა, როგორც ირკვევა, შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნები ერთ-ერთი მიზეზია, რაც ოპოზიციური გაერთიანების ფორმირებას ხელს უშლის. ბარიერგადალახული ოპოზიციური ძალების ნაწილი ამ თემაზე ცალსახა პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს, რაც არჩევნებში მათი მონაწილეობის ეჭვებს აძლიერებს, ასეთი პოზიციონირება ოპოზიციურ ფლანგზე უთანხმოებას ზრდის.