ურანის უკანონო შეძენა-გასაღების საქმე

რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, ფლობის და განკარგვის ფაქტებზე დაკავებულ ორ პირს, საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროცესზე საქართველოს პროკურატურამ, ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ სრულად გაიზიარა. დაკავებულ პირთა ადვოკატები, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენებას არ დაეთანხმნენ და განაცხადეს, რომ საქმეში არ არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, რომ დაკავებულებმა ბრალად შერაცხული ქმედება ჩაიდინეს. არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და აცხადებენ, რომ მზად არიან გამოძიებას მათ ხელთ არსებული ინფორმაცია სრულად მიაწოდონ. ორივე დაკავებულის ადვოკატი, აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდა, თუმცა ალტერნატივის სახით სასამართლოს, 5-დან 10 000 ლარამდე ოდენობის გირაო შესთავაზეს.