უპატრონო/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ცხოველთა უფლებადამცველებთან და ვეტერინარებთან. შეხვედრაზე პროგრამის განხორციელების პროცესში ცხოველების აყვანის, ვეტერინარული მანიპულაციების, აღრიცხვიანობის, მონიტორინგისა და არეალში დაბრუნების საკითხებზე იმსჯელეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან აღინიშნა, რომ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება და პროგრამა მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართება. პროგრამა, რომელიც უპატრონო/მიკედლებული ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, კასტრაცია-სტერილიზაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას, ვაქცინაციას ითვალისწინებს, პირველ ეტაპზე, ბათუმის, ქუთაისისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებს მოიცავს.