უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მე-7 რაუნდი

დავით ზალკალიანი ბრიტანელ კოლეგას ესაუბრა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების საქმეთა მინისტრს შორის ონლაინშეხვედრა „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მე-7 რაუნდის ფარგლებში შედგა.

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის შემდგომი ურთიერთობების მთავარი გზამკვლევის, 2019 წლის ოქტომბერში ხელმოწერილი „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების“ იმპლემენტაციის აქტუალობას.

საუბარი ასევე შეეხო თავდაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობას, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პრიორიტეტულობას; ნატო-საქართველოს თანამშრომლობას; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობას. უორდროპის სტრატეგიული დიალოგი საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობების მთავარ პლატფორმას წარმოადგენს.