უნდობლობის პროცედურა ურსულა ფონ დერ ლაიენის წინააღმდეგ

„რადიკალი მემარცხენეები და ულტრამემარჯვენეები ევროკომისიის პრეზიდენტის გადაყენებას კიდევ ერთხელ ეცდებიან“ – ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნით, ევროპარლამენტის ჯგუფები უახლოეს პერიოდში გამოვლენ და კენჭისყრა, შესაძლოა, უკვე ოქტომბერში გაიმართოს. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, „მემარცხენეების“ პოლიტიკური ჯგუფი და „ევროპის პატრიოტები“ ორ განსხვავებულ ინიციატივას ამზადებენ, რომელთა წარდგენაც მომდევნო კვირაში მოხდება. მემარცხენეთა ჯგუფის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ევროკომისიის პოლიტიკა ეწინააღმდეგება „ყველაფერს, რასაც ისინი უჭერენ მხარს, მსხვერპლად წირავს დასაქმებულებს და ანადგურებს მწვანე შეთანხმებას“. მემარცხენეები ასევე უკმაყოფილოები არიან ღაზის სექტორში ისრაელის ოპერაციაზე ევროკომისიის უმოქმედობით. ევროკომისიის პრეზიდენტისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ მოთხოვნის კენჭისყრაზე დაყენებას, სულ მცირე, 72 ევროდეპუტატის თანხმობა სჭირდება. ამ ხელმოწერების შეგროვებისა და მათი ვალიდურობის დადასტურების შემდეგ კი, ევროპარლამენტს პლენარული დებატების დასანიშნად 24 საათი ექნება. ცნობისთვის, ზაფხულში ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრა ულტრამემარჯვენეების მოთხოვნით შედგა, თუმცა ევროკომისიის პრეზიდენტის გადაყენებისთვის საჭირო ხმები ვერ შეგროვდა.