ორწლიანი მუქარის, ევროკავშირის მხრიდან გადაწყვეტილების მექანიზმში ცვლილებების შეტანისა და ხმამაღალი განცხადებების შემდეგ, დადგა დღე, როდესაც „ევრობიუროკრატიებმა“, რეალურად კი, მათ უკან მდგარმა „დიფ სთეითმა“, „ქმედითი ნაბიჯების“ გადადგმა გადაწყვიტეს და, არც მეტი, არც ნაკლები, ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის, უვიზო რეჟიმის შეჩერებას მხარი დაუჭირა – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში წერს. კირცხალიას თქმით, საინტერესოა, რომ გასული წლის 27 იანვარს, ევროკავშირმა უკვე მიიღო დაახლოებით იმავე შინაარსის გადაწყვეტილება, რომელიც განსხვავებულ სამართლებრივ ბაზას ეყრდნობოდა. „ჩვენი ქვეყნის პირველი პირებისა და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლების მხრიდან, არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვა მათთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს და ეს მათზე გავლენას ვერ მოახდენდა. იმასთან ერთად, რომ თუკი სასწორზე ქვეყნის ინტერესები და სავიზო რიგში დგომა დევს, ეს უკანასკნელი პრობლემას არ წარმოადგენს, ითქვა ისიც, რომ მსგავსი გადაწყვეტილება, გარკვეულწილად, სიმბოლურ დატვირთვას ატარებს და უხეში ფორმით თავის გამოჩენის მცდელობას წააგავს, რადგანაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ასევე აქვთ ჩვეულებრივი პასპორტები, რომლითაც ევროპაში გადაადგილება უვიზოდ შეუძლიათ”. ნათქვამია უმრავლესობის ლიდერის განცხადებაში.