უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება

მმართველი გუნდი პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას კარგავს, თუმცა, პარტიის ფორმირების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. მართლმსაჯულების სისტემის მიზეზით დაწყებულ უთანხმოებას, პარტიიდანაც და უმრავლესობიდანაც, ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის წასვლა მოჰყვა. გადაწყვეტილება ჯერ ოფიციალურად არ განუცხადებია გედევან ფოფხაძეს, რომელიც იმ ცხრა დეპუტატს შორის არის, ვინც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გადავადებას ითხოვდა.

დეპუტატი საკუთარ პოზიციას, როგორც თავად დააანონსა, ორშაბათს საჯაროდ განაცხადებს. თუმცა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ფრაქციის დატოვების შესახებ თხოვნით, მან უკვე მიმართა. „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი წევრია ბექა ნაცვლიშვილიც, რომელსაც თანაგუნდელებთან აზრთა სხვადასხვაობა საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ჰქონდა. შედეგად, ამ დროისთვის, უმრავლესობას სამი დეპუტატი გამოეთიშა, თუმცა, პარტიაში აცხადებენ, რომ ეს მმართველი გუნდისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.