უმრავლესობიდან წასული დეპუტატების განცხადება

პოლიტიკური გეგმის ნაწილი, თუ დამოუკიდებელი არჩევანი – „ქართული ოცნებიდან“ სამი დეპუტატის წასვლა არაერთგვაროვნად ფასდება.

ოპოზიციას დასახელებული არგუმენტების არ სჯერა და დარწმუნებულია, რომ მმართველმა პარტიამ სამი თანაგუნდელი იმ გზავნილების გასახმოვანებლად გაუშვა, რასაც საერთაშორისო ზიანის მიღების შიშით თავად ვერ ბედავს. დასავლელი პარტნიორების მისამართით სუბარის, ხუნდაძის და ყაველაშვილის ბრალდებები ოპონენტების მხრიდან პოლარიზაციის ზრდის მიზეზად სახელდება, „ქართული ოცნება“ კი დაანონსებული აქციის და ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნის გამო პოლარიზაციის გამწვავებაში სწორედ ოპონენტებს ადანაშაულებს. უფრო ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ მმართველი გუნდიდან წასული დეპუტატები, რომლებიც კანდიდატის სტატუსზე უარს სწორედ პოლარიზაციის ზრდის წინაპირობად აცხადებენ. ცოტა ხნის წინ გავრცელებულ უკვე მეორე წერილში ისინი ვრცლად საუბრობენ სტატუსის გარშემო ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნის და რევოლუციური სცენარით „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების გეგმაზე და ვარაუდობენ, რომ საქართველოს ომში ჩასართავად ზეწოლა ევროპის გარკვეული ძალების მხრიდან გაძლიერდება – კონკრეტულად ვისგან, გვარები ამჯერადაც არ დასახელებულა.