უმაღლესი განათლების რეფორმა - განხილვა პარლამენტში

უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების განხილვას პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში იწყებს. პოლიტიკურ პარტიებში მწვავე განხილვის საგანია თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება, ამ ცვლილებებს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ნაწილიც ეწინააღმდეგება. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება, პირველ რიგში, პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების ინტერესებსა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.

განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აკადემიური პერსონალისთვის ახალი, დამატებითი კონკურსები და ატესტაციები იგეგმება. განათლების მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ არსებული აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შენარჩუნება უწყებისთვის პრიორიტეტია.