უმაღლესი განათლების რეფორმა

21:13, 02.02.2026

უკმაყოფილების მიზეზია თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გეგმა.

დაანონსებულ გადაწყვეტილებას ორივე უმაღლეს სასწავლებელში საკმაოდ დიდი მღელვარება მოჰყვა. ლექტორებისა და სტუდენტების ნაწილი პროტესტს აქციებით გამოხატავს. პარალელურად მიმდინარეობს კონსულტაციები. საკუთარი ნეგატიური მოსაზრებები აკადემიურმა პერსონალმა დღევანდელ შეხვედრებზე წარმოადგინა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორი მმართველ ორგანოებს შეხვდა, შეხვედრამ აქციის ფონზე ჩაიარა. ხმაურით წარიმართა აკადემიური საბჭოს შეხვედრა ტექნიკურ უნივერსიტეტშიც, რომელსაც განათლების მინისტრის მოადგილე ესწრებოდა – კვირის ბოლოს კონსულტაციები განათლების მინისტრთან იგეგმება. პროფესორ-მასწავლებლებს საკუთარი წინადადებები და პირობები აქვთ. პარალელურად განცხადებას ავრცელებს თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორების ნაწილი, რომელიც დაანონსებული გეგმის შეჩერებას და აკადემიურ საზოგადოებასთან დისკუსიის დაწყებას მოითხოვს. განათლების სამინისტრო ინიციატივას სწავლების ხარისხის გაუმჯობესებით ასაბუთებს, თუმცა გეგმას ნაჩქარევად მიიჩნევენ უმაღლეს სასწავლებლებში.

 

მსგავსი